შემოწმებული კლინიკების 20%-ს რეანიმაციის და ქირურგიის ნებართვები შეუჩერდა - მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც დარღვევები გამოვლინდა, ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. ამის შესახებ მან მედიას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„შემოწმებული კლინიკების დაახლოებით, 20% ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. არ იყო იქ მხოლოდ რეანიმაცია, იყო ქირურგიის სტანდარტიც და მათ შესაბამისი ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ.
მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ. ზოგს ან რეანიმაცია, ან ქირურგია, თუმცა, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგექმნას.
ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, ასე დავარქმევდი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა ისედაც სრულად უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
16.09.2026.11:35
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.