შესაძლებელია, იანვრის ბოლო გახდეს საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენის პერიოდი - ივანე ჩხაიძე
საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს და სავარაუდოდ, ეს პროცესი შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.
„ბოლო 4 კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მატულობს. დღეისთვის ის პასუხი, რასაც გვაძლევს ლუგარის ლაბორატორია მიუთითებს იმაზე, რომ მწვავე რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებს შორის გრიპის ხვედრითი წილი 40%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება სწორედ გრიპით გამოწვეული, ეს არის როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე შემთხვევები ამბულატორიულ პრაქტიკაში. რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში დომინანტური ვირუსია.
მომდევნო კვირეების განმავლობაში მატების ეს დინამიკა შენარჩუნდება და შესაძლებელია, იანვრის ბოლო გახდეს საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების მაქსიმალური პერიოდი. 100 ათას მოსახლეზე გადათვლით წლევანდელი მონაცემი არ არის უფრო მეტი ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო. პირიქით, 2 წლის უკან, ამავე პერიოდში, გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო“, - განაცხადა ჩხაიძემ.
სხვა სიახლეები
ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს l მიხეილ სარჯველაძე
05.08.2026.16:41
„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა.
მისივე განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.
„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც, საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის ფინანსური მიზეზებითაც“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთან და მომწოდებელ ორგანიზაციებთან.
„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია, კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.