თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს
თბილისის მერია, 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.
„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს.
მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.