ცვლილების მისაღებად კარგი დროა - დავით სონღულაშვილი ავტოდაზღვევის კანონპროექტზე
სადაზღვევო ინდუსტრიის მოთხოვნას პარლამენტი გაითვალისწინებს და „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა“ სავალდებულო გახდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. ეს არის საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეგვესრულებინა. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ.
დამატებით დეტალებზე ვრცლად ჯერ ვერ ვისაუბრებთ, ბევრი ნიუანსია შესასწავლი და გასაანალიზებელი, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის სტრუქტურებში დალაგდება და გავა კენჭისყრაზე. ვფიქრობ, ცვლილების მისაღებად საჭირო და კარგი დროა, მთავარია, რომ არსებულ გამოწვევას გავუმკლავდებით და ქვეყანა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.
სადაზღვევო ასოციაციის გათვლებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 7-10% -მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა. კანონპროექტის ამუშავების შემთხვევაში მარტო ამ მიმართულებით სახელმწიფო ჯამში 30-40 მილიონ ლარს დაზოგავს და ათასობით ადამიანს დიდი შეღავათს გაუწევს, როგორც სამედიცინო სერვისების მიღების, ასევე მატერიალური ზარალის კომპენსაციის კუთხითაც.
„დანამდვილებით ვიცით, რომ ავარიების დიდი რაოდენობა ფაქტობრივად არ ანაზღაურდება. მრავალი ადამიანი შრომის უნარს კარგავს, დიდი პრობლემა და სამომავლოდ ეს სიტუაცია დალაგდება და ქვეყნის მასშტაბით ანაზღაურდება. მთელი მსოფლიო განიხილავს ავტოდაზღვევას, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიზრდება სადაზღვევო კულტურა, რის მოლოდინიც გვაქვს. მარტო ჯანდაცვის ნაწილში 7-10% მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა, ჯამში 30-40 მილიონზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში დაზოგავს.
შრომის უუნარობის შემთხვევაში კომპენსაციები გაიცემა და მატერიალური ზარალის კომპენსაციას მოახდენენ. მრავალმხრივ აუცილებელი ვალდებულებაა. აღმოსავლეთ ევროპაში 8%-ზე მეტი, ხოლო მეზობელ ქვეყნებში 10%-ზე მეტია ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე. ჩვენი ავტოპარკიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს 150 000 ავტოსაგზაო შემთხვევა წელიწადში, რომლის დიდი ნაწილი ახლა არ ჩანს.
შესაბამისად, ადამიანებისთვის დიდი ფინანსური ზიანის ანაზღაურება მოხდება სწრაფად და ხარისხიანად. ველოდებით, რომ მთავრობა იტყვის საბოლოო სიტყვას ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სერიოზულ შედეგს ველოდებით“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia - თან.
სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას, წლებია ელოდება.
კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა.
სხვა სიახლეები
მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
26.11.2026.08:51
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა, არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა. მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.
„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში.
ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.
„როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, უზარმაზარია რისკები ქალების ტრეფიკინგის. ალტრუისტულის ნიღაბს ქვეშ შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია.
თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.