1-ელი აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა - აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
1-ელი აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მათ სამსახურის პირად შემადგენლობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სამსახურის დაარსების ისტორიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ამ უწყებას უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რაც ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. მისი თქმით, ხელისუფლების სწორი, პრაგმატული პოლიტიკისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი დესტრუქციული ძალებისგან მომდინარე ყველა რისკის პრევენცია წარმატებით განხორციელდა და დღეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და უსაფრთხოება.
სიტყვით გამოსვლისას გეკა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ქვეყნის ღირსეული და ერთგული სამსახურისთვის.
„განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იდგე სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე და ყოველდღიური, დაუღალავი შრომით ემსახურებოდე იმ დიდ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ჰქვია. ამ უწყებას კი ნამდვილად ჰყავს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდი, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
დიდ მადლობას გიხდით თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ერთგული სამსახურისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვხელმძღვანელობდე ამ ძლიერ ინსტიტუციას და თქვენთან ერთად, ყოველდღიურად ვშრომობდე საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს განმტკიცებისთვის,“- განაცხადა გეკა გელაძემ.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში გეკა გელაძემ თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.
სხვა სიახლეები
საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში - ნოდარ ბოკერია
07.08.2026.16:57
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საერთაშორისო წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს მოსახლეობა, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით იზოლაციაში იმყოფება, რაც დეპუტატის თქმით, სრული სიცრუეა. ნოდარ ბოკერიამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან ირაკლი კობახიძემ უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა და მისივე თქმით, ამ შეხვედრებს კონკრეტული შედეგები მოჰყვა.
„მოდით განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობის არის ეს შეხვედრები. მაგალითად, ყაზახეთი არის შუა დერეფანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. იმ შუა დერეფანში, რომელიც საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ასეთი მნიშვნელოვანია. ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ამ მარშრუტის გამართვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ტაჯიკეთი კი არის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა და განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, მაშინ როდესაც მიწოდების ჯაჭვები ფაქტობრივად არ არსებობს, ასეთი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დივერსიფიკაციის კუთხით უნდა გამოვყოთ მაგალითად სინგაპურთან მაღალი დონის შეხვედრები. როგორც მოგეხსენებათ, სინგაპური ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური მოდელია და ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი ტენდენცია, როდესაც სინგაპურის ადგილობრივმა კომპანიებმა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და მათ შორის გამოიჩინეს ინიციატივა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების. ეს არის ლოგიკა იმისი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მრავალი წლის მუშაობის შედეგად, საქართველოში შექმნა ისეთი ბიზნეს, ეკონომიკური და სამართლებრივი ლანდშაფტი, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დიდი ბენეფიტების მომტანია, როგორც ჩვენთვის ასევე თავად ინვესტორი მხარისთვის“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნოდარ ბოკერიას შეფასებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მუშაობის შედეგი.
„ჩემი აზრით, ოპოზიცია შეგნებულად აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. მოგეხსენებათ, რომ ასეთ ქვეყნებთან კომუნიკაცია სწორედ არაღიარების პოლიტიკის წარმატების საწინდარია. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებაშია ჩართული. ასეთი კონსტრუქციული და ლოგიკური ნაბიჯებით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.