2003 წლიდან, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი - ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება ქვეყნის ყოველდღიურობა იყო - ბიძინა ივანიშვილი
სანამ კონკრეტულ მონაცემებზე, ციფრებსა და საერთაშორისო რეიტინგებზე ვისაუბრებთ, ვახსენოთ ისიც, რაც შესაძლოა, ახალმა თაობამ არ იცოდეს, ან აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, მიტაცებული იყო სახელმწიფო, მიმდინარეობდა ოპონენტების დევნა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
„2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყოველდღიურობა იყო. მიტაცებული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამკვდარი პოლიტიკური პროცესი, ოპონენტების დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება; წამების ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემა, ციხე, როგორც ჯოჯოხეთი; მონოპოლიზებული და პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებული მედია, პრეზიდენტს, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილი ზღვარი.“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კატასტროფული რეალობის ფონზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც შეძლო და გაცილებით უარესი გააკეთა, კერძოდ, ღალატი ჩაიდინა და 2008 წელს ქვეყანას ომი დაატეხა თავს.
„ასეთი კატასტროფული რეალობა სუფევდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუმცა, უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გაცილებით, გაცილებით უარესიც გააკეთა - საკუთარი ხალხისა და ისტორიის წინაშე უპატიებელი ღალატი ჩაიდინა და 2008 წელს ქვეყანას ომის ტრაგედია დაატეხა თავს. სულ რამდენიმე დღეში, საქართველომ დაკარგა ასობით გმირი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამატებით, ტერიტორია - ასზე მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი, ათეულ ათასობით ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ამას დაემატა ისიც, რომ პრაქტიკულად საომარი მოქმედებების პარალელურად, ჯერ წაგებული ომი აზეიმეს მოსახლეობას, შემდეგ კი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება აღიარეს.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტებისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სჩადიოდა, თუმცა, მათი რეჟიმის შესაფასებლად, ესეც კმარა.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.