2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია - კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებას.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, არსებობს შესაბამისი საარქივო მასალები, რომლებიც პასუხს სცემენ აღნიშნულ საკითხს.
„ეს გაუგებარია. გადავხედოთ, როდის ხდებოდა სამძიმარზე მისვლა ომის თარიღის აღნიშვნისას, ამოვიღოთ არქივიდან მასალები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰკითხოთ, რატომ შეცვალეს თარიღი.ისტორიას ვერავინ გადაწერს - ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით.
მე გთხოვთ, ამოიღოთ კონკრეტული საარქივო ვიდეომასალები, სადაც არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არსებობს რეზოლუცია, რაზეც აქვთ ხელი მოწერილი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დაჰბრალდა.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოს, ჯარს დაჰბრალდა და ეს პირდაპირ წერია. როდესაც შენ ხელს აწერ ამ ყველაფერზე, ეს წარმოუდგენელია.
ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. რა თქმა უნდა, სისხლიანი რეჟიმის ყველა ქმედება იყო გარედან თავსმოხვეული. სამწუხაროდ, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, მტრული საქმიანობა დღესაც გრძელდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
04.09.2026.13:45
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.
„ძალიან ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი მეგობრობის 26-საუკუნოვან ისტორიას. როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა არის განსაკუთრებული. ჩვენ მზად ვართ პარტნიორიბისთვის, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა საქმით, რომ არის სანდო პარტნიორი. ყურადღებით ვაკვირდებით აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მივესალმებით მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თუ ძალისხმევას. თქვენ იცით, რომ საქართველოც რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს ინტერესების განუხრელი დაცვა, რათა არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების სამიზნე. მიხარია, რომ სტუმრობთ ჩვენს დედაქალაქს და ვისურვებდი ახლო მომავალში ოჯახთან ერთად ესტუმროთ თბილისს “, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, მიშელ ბუსკილამ აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მსურს, თქვენამდე მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდება. ვხედავ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ჯანსაღი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. ჩვენს ხალხს ძალიან მოსწონს საქართველო. აქ ბევრი მათგანი ტურისტული მიზნით ჩამოდის და დაცულად გრძნობს თავს. ასევე, დიდია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რადგან თქვენთან ინვესტირება მარტივია და ბიზნესი არის დაცული,“- განაცხადა მიშელ ბუსკილამ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია დაესწრო.