2025 წლიდან პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა იგეგმება - გიორგი ამილახვარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ პროფესიული განათლების ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია მომდევნო 2 წლის განმავლობაში განახლდება, ხოლო 2025 წლიდან კი პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა იგეგმება.
„ორი წლის განმავლობაში, ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია, რომელიც დღეს ჩვენს პროფესიულ განათლების სექტორშია, იქნება განახლებული, გადახედილი. ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 ახალი კვალიფიკაცია შეიქმნება, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ წელს 30, მერე 55 და ბოლოს 40. ორ წელიწადში დავასრულებთ ამ პროცესს და მივიღებთ ახალი კვალიფიკაციების პროგრამებს. განახლებული კვალიფიკაციების ფარგლებში უნდა განვაახლოთ პრიორიტეტებიც.
პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, განვაახლებთ შრომის ბაზრის პრიორიტეტების საფუძველზე. ეკონომიკური განვითარების ტენდენციების საფუძველზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ 2 წლის შემდეგ, 2025 წლიდან გვინდა გადავიდეთ დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც იქნება ხარჯთეფექტური და ეს იქნება მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება“,- განაცხადა ამილახვარმა.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.