2030 წელს საქართველო წევრობისთვის იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე
2030 წელს საქართველო წევრობისთვის იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა - ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ჩვენ საუბარი გვქონდა და განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება, ასევე განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელიც შეიძლება ერთობლივად განხორციელდეს. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, ამბიციური გეგმები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2030 წელს, ეს წელი იყო ნახსენები პრეზიდენტ მიშელის მიერ, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად წევრობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა. ეს არის ჩვენი ამბიცია. ჩვენ ვართ ერთგულნი ამ დღის წესრიგის, იმ ნაბიჯებისადმი, რომელიც გადასადგმელია ევროინტერგაციისთვის. იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის მაინც, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.