3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.
ვანის, ახმეტის, დმანისისა და წალკის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები თბილისში, შპს „ფავორიტ სტილში“ დაიბეჭდა.
სულ დაიბეჭდა 2 450 საარჩევნო ბიულეტენი, საიდანაც 1 750 ბიულეტენი განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 700 ბიულეტენი იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ბიულეტენები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით დაიბეჭდა.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს სტამბაში მონიტორინგს უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საფინანსო დეპარტამენტი, ხოლო საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის, საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის გუნდმა ბიულეტენების ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატებთან თავსებადობა შეამოწმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ ბიულეტენებს კანონით განსაზღვრულ ვადებში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს.
ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
24.09.2026.14:30
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, კლოდ ვისელერს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა გაიხსენეს 2026 წლის აპრილში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა ქ. სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის ბიზნესს შორის კავშირების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ხაზი გაესვა დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივებს.
შეხვედრა შედგა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.