31 მარტის რეფერენდუმმა, საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას - ირაკლი ღარიბაშვილი
ზუსტად 32 წლის წინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც. ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი Facebook-ზე წერს.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, ვინაიდან დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა.
„კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, - დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, იმ მიზნისკენ სვლას, რომელიც ქართველთა ყველა თაობას აერთიანებს,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.