4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
„საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია, 4 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნება, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 4-7 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ინიციატორების თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილება.
მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზეც იმსჯელებენ, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" შექმნას შეეხება.
ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.
„დელეგაციის წევრებმა მათი უფლებამოსილებების შეწყვეტის შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ინდივიდუალურად მიმართეს. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ამის შემდეგ უკვე მეც მივმართავ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან და ამაზე შესაბამისი ინფორმაცია იქნება მიწოდებული იმ განმარტებით, რაც არაერთხელ საჯაროდაც გაკეთდა. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.