აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 4 ბალიანი სისტემით 2,96 ქულა მიიღო და მსოფლიოს 166 ქვეყნის და ტერიტორიის გლობალურ რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის 38-ე ადგილზე გავიდა.
აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად შესაძლებელია ხორციელდებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამართლებრივი მეთვალყურეობა მართლმსაჯულების, კონტროლის და უფლებადაცვის საზედამხედველო სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.
საქართველოს 2012 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის მიხედვით, მსოფლიოში 73-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: იაპონიას, კანადას, ესპანეთს, ირლანდიას, პორტუგალიას, ლუქსემბურგს, პოლონეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს "თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.