ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩისნკმ საქართველოს მოსახლეობას დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა.
ელჩის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოგესალმებით, ქ-ნო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ,
გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა!
ევროკავშირის ოცდაშვიდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი.
დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.
საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.
ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.
ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?”
წინ, საქართველო, წინ!“
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიანიჭა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.