ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი. ამან გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“.
ასევე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს“.-აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.
რაც შეეხება როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს.
„რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს. ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სხვა სიახლეები
მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06.07.2026.17:53
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს „შუა დერეფნის“ მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.