ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს - ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აშშ - ის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პოზიტიურ დღის წესრიგსა და ინიციატივებზე. განხილულ იქნა სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.
"შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინიციატივებზე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ - ისთვის - ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას. საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი და სავაჭრო პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით - საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მასში აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა და კერძო სექტორთან ერთად დაკონკრეტდება და განხორციელდება. "მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნესის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს. ასევე წლის მეორე ნახევარში, სექტემბერში უკვე ამერიკელების სავაჭრო მისია დაიგეგმება საქართველოში, სადაც ჩვენი სამინისტრო ასევე აქტიურად იქნება ჩართული," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში და სტარტაპებზე. "ვფიქრობ, ეს არის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამერიკაში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახაზინო დეპარტამენტის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.