ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ - პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე
ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია.
„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მე ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში, თუ არ მოითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი. შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.