ამჟამინდელ პრემიერს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ, ვეთანხმები, რომ აშშ-ში გარკვეული ქმედებები უსამართლო იყო საქართველოს მიმართ - კიმბერლი ლოუ
როგორც ვხვდები, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.
ამასთან, კიმბერლი ლოუს შეფასებით, შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები ძალიან უსამართლო იყო საქართველოს მიმართ.
„ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით, შეიძლება მშვიდობა იყოს საქართველოში.
ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწეული აქვთ წლების განმავლობაში თქვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, თქვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომელიც თქვენ გადადგით ევროკავშირში შესასვლელად. ბევრი სხვა ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და რატომ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. და ვიცით, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში.
ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად. ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო იყო საქართველოს მიმართ. მათ შორის „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ, არის დიპლომატიური ურთიერთობების, პრაგმატული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების სხვა გზებიც, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორ ვიმუშავებთ ამაზე, ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ერთიანობაზე. და როგორც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, მე შემიძლია, ვიმოქმედო, როგორც შუამავალმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. რაც ხალხს არ ესმის, არის ის, რომ დემოკრატიაა, როდესაც ხალხის 51 პროცენტი წყვეტს, რას მიიღებს დანარჩენი 49. ეს არის ფაქტი, რაც დემოკრატიითა და პოლიტიკით ხდება მთელ მსოფლიოში. ეს ასეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და უზარმაზარ გლობალურ ცვლილებებს ვიხილავთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს მსოფლიოში. ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მშვიდობას საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს შორის. ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის წევრობა, მოლაპარაკებების განახლება, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკაზე, ყველა საკითხზე ევროკავშირში შესასვლელად. მაგრამ ასევე სწორია კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასული 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მრავალმა ქვეყანამ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა მიერთებით, თუმცა არის სარგებელიც.
ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ თავი იგრძნოს სუვერენულ ქვეყნად, თუმცა სარგებელი მიიღოს ვაჭრობისგან. და ვიცით, რომ ამის განხორციელება შეგვიძლია. ჩემი მრჩეველი საქართველოში ბესო შენგელიაა. ნობელის მშვიდობის პრიზის ნომინანტი. ის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ვიმუშავებთ 2025 წლის სამშვიდობო სამიტზე საქართველოში. ეს გრანდიოზული იქნება. გვეყოლება მსოფლიო ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თქვენს ულამაზეს ქვეყანას მხარდასაჭერად ეწვევიან. ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით. ჩვენ გავაერთიანებთ თქვენს ქვეყანას. თქვენ გეოპოლიტიკურად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხართ და თქვენ გვერდით ვიდგებით ამ პროცესში. ასე რომ, ველოდებით ამას. პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და თქვენ იხილავთ ცვლილებებს საგარეო დიპლომატიაში. მეტ მშვიდობას მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, უზარმაზარ ეკონომიკურ ცლვილებებს“, – განაცხადა კიმბერლი ლოუმ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.