არ მჯერა, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას - კახა კალაძე
ჩვენ შეიძლება რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ იმის მერე ყველა თემა „დაიღეჭა“ და მიეწოდა საზოგადოებას. არ მჯერა იმის, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
„ეს განცხადება გაკეთდა იმისთვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, დასვას ნებისმიერი შეკითხვა იმიტომ, რომ თავიდან კეთდებოდა არასწორი ინტერპრეტაციები 28 ნოემბერს პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. ავრცელებდნენ ტყუილს და სიცრუით იყო ყველა განცხადება გაჯერებული ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროა ის, რომ ამ ყველაფერში ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს, საქართველოს მთავრობამ გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. წარმოუდგენელია უბრალოდ, როგორ შეიძლება, საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც დღეს ბურთი მათ მხარეზეა, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას გაუხსნან მოლაპარაკებები.
მე დღესაც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ჩვენი კომუნიკაციის ფორმა არ მოეწონა ვიღაცას, ან რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ იმის მერე ამდენი დღე გავიდა, ყველა თემა „დაიღეჭა“ და მიეწოდა საზოგადოებას. მე არ მჯერა იმის, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და გულანთებულია ამ მიმართულებით, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას და რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავ მზადაა, ხელი მოაწეროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუკი დასავლეთის მხრიდან ამის მზაობა იქნება.
„კანდიდატის სტატუსის თემა იყო და გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, როგორი ცილისმწამებლური განცხადებები კეთდებოდა. ყველაფერი იკადრეს, გვაშანტაჟებდნენ, მაგრამ ჩვენ დავდექით ღირსეულად, დავდექით მყარად და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. დღეს, უკვე კანდიდატის სტატუსი, როგორც იარაღი, არ აქვთ ხელში, მაგრამ აქვთ სხვა მიმართულება - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. აქაც ბურთი არის მათ მხარეს. ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, რა უნდა გავაკეთოთ? ერთადერთი ვითხოვთ, რომ გახსნან მოლაპარაკებები. დღესაც პრემიერმა ისაუბრა ამ თემაზე, არ დარჩა ადამიანი, ვისაც განცხადება არ გაეკეთებინა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - დღესაც ვადასტურებ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.