არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ნიკო კვარაცხელიას დედისთვის ჯილდოს გადაცემა ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა იყოს - პრეზიდენტი
არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ნიკო კვარაცხელიას დედისთვის ჯილდოს გადაცემა ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ნიკო კვარაცხელია გარდაცვალების შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა.
„ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს და თავის თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე უფრო გვიჭირს დღევანდელ დღეს, ეს არის დანახვა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ჩვენი ქვეყნის ისტორია ალბათ სწორედ ამაშია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია. ეს რომ არა, აქ არ ვიქნებოდით დღემდე. არ მინდა, დღეს ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ნამდვილად ოჯახისა და მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის, მაგრამ ამ ტრაგედიის იქით მინდა, დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს.
ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, იქ ჰქონდა განათლება მიღებული, მოიარა ბევრი ქვეყანა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არის ერთ ადგილზე, ის, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს. ამითი ვართ ჩვენ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა, არასდროს არ იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა და აქ არის პერსპექტივა მათთვის, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, ამ ქვეყნას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, ნიჭიერი ახალგაზრდები, ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს იჭვრიტებიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება და ამის გაგებაც აქვთ. მისი ცხოვრება სამწუხაროდ, ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ, ყველას დაგვიტოვა გასაკეთებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.