არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში.
„გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.