არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას უზრუნველვყოფთ - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორქ პაპოიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო - სომხეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები როგორც ორმხრივ, ისე გაფართოებულ ფორმატში. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები.
„სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ გააგრძელოს მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ასევე განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, ისევე როგორც ახალი ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტზე, ლოგისტიკაზე, ორმხრივ ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველო - სომხეთის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში როგორც რეგიონულ, ისე ორმხრივ ფორმატში.
„დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შედეგად, ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველვყოფთ საერთო ძალისხმევით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.