ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, თბილისის ტექნოპარკში, ისრაელის ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ-ჰაიას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა თბილისის ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab) და სტარტაპების სამუშაო სივრცეები.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის პერსპექტივები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისრაელის გამოცდილების გაზიარებას მაღალტექნოლოგიური განათლების, კვლევითი საქმიანობისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით. საუბარი შეეხო ისეთი მექანიზმების განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ექსპერტული ცოდნის გაცვლასა და ქართული ტექნოლოგიური კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე ინტეგრაციას.
ავთანდილ კასრაძემ სტუმარს გააცნო ის სახელმწიფო რეფორმები და სტრატეგიული ინიციატივები, რომლებიც ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას ისახავს მიზნად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო კოორდინაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორების დაახლოებასა და ინოვაციური პოტენციალის ზრდას.
სხვა სიახლეები
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ
22.09.2026.16:46
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები არჩილ ანასაშვილი, გიორგი ძაგანია, მაია ზარიძე, დიმიტრი ჯავახაძე და მამუკა კაციტაძე ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ. ცესკოს ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ თითოეულ აქტივობას, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხორციელდება. შეხვედრას ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ მონაწილეებთან განაცხადა, რომ სამზადისი შუალედური არჩევნებისთვის სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ამომრჩეველთა მაღალ დონეზე მომსახურება კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცედურების ზედმიწევნით და კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი შეხვედრის განხილვის ძირითადი თემები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრატორების მაღალ პასუხისმგებლობაზე და აღნიშნა, რომ 3 ოქტომბრის არჩევნები, უკვე ორგანიზებული არჩევნების მსგავსად მაღალპროფესიულ დონეზე წარიმართება. მისივე თქმით, იმის მიუხედავად თუ რა მასშტაბის არჩევნები იმართება, საარჩევნო მოხელეები ყოველთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ კენჭისყრის დღის შესაბამის დონეზე ორგანიზებისთვის.
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.