აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2021 წლიდან დღემდე იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
სხვადასხვა დროს, გიორგი ზაქარაშვილს, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.
გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
სხვა სიახლეები
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
08.10.2026.08:39
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.
2027 წელს საგარეო უწყებისთვის გათვალისწინებულია 233 მილიონამდე ლარი. პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი აგროპროექტის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსება, ასევე, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
„ბიუჯეტი საკმაოდ ოპტიმისტურია, საკმაოდ გაძლიერდა სოციალურ პაკეტი, ეს იქნება სერიოზული, მნიშვნელოვანი შეღავათი მათ შორის, დაბალშემოსავლიანებისათვის და პენსიონერებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.