ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა - გიორგი კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, რომლის ფარგლებშიც, ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეული ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატის იმდაგვარად დაზიანება მოახდინა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება.
კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ბაღდათში, სოფელ დიდველას 23-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა - მოქალაქემ ვერიფიკაციის აპარატი დააზიანა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
20.08.2026.13:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.