მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.8
-0.0067
flag
AZN 1.5575
-0.0001
flag
CNY 38.871
-0.0159
flag
EUR 3.0026
-0.0174
flag
GBP 3.4838
-0.0166
flag
KZT 54.41
-0.0006
flag
TRY 0.0569
-0.0001
flag
USD 2.6473
-0.0007
news banner

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

news image
mbc image

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საჩივრით მოთხოვნილი აქვთ ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან, ასევე BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის საჯარო წყაროებიდან დაფინანსებულმა ტელევიზიამ BBC გამოაქვეყნა ფილმი და დაკავშირებული სხვა პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ მძიმე, საზიანო და კატეგორიულ ბრალდებებს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი “კამიტის“ თითქოსდა გამოყენების შესახებ. აღნიშნული ბრალდებები არის ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური.

ბრალდებების აბსურდულობა, დარღვევებისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ხასიათი და მასშტაბი, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კამპანიასთან, რომლის მიზანია წინასწარ განსაზღვრული ყალბი ნარატივით საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციული დაზიანება. გამოყენებული მასალების სანდოობის ხარისხი და მათი საზოგადოებისთვის წარდგენის ფორმა კი ააშკარავებს, რომ პუბლიკაციები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკური ნარატივის ფორმირებას, და არა აუდიტორიის ინფორმირებას ზუსტი, დაბალანსებული და სათანადოდ წყაროებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გზით. აღნიშნული ყალბი ნარატივი შემდგომში გავრცელდა და გაძლიერდა მრავალი მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის თუ შიდა პოლიტიკური აქტორის მიერ და გამოიყენება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის ინსტრუმენტი საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. 

აქედან გამომდინარე, BBC-ის ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენს მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ, ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ის.

რაც შეეხევა საჩივრის დასაბუთებას და ჩვენს მოთხოვნას.

აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად BBC-ის სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს (ოფკომი) მაუწყებლობის კოდექს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს.

პირველ რიგში, საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან. BBC-იმ მის პუბლიკაციებში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება „კამიტი“. ეს მტკიცება არ ეფუძნება არც ერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგანს საქმეთა სამინისტროს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია. 

BBC თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრებების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ, და მიუხედავად ამისა სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები.

გარდა ამისა, BBC ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მიუკერძოებლობის დარღვევა. პროგრამა ავითარებს აშკარად ერთმხრივ ნარატივს და საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორს, “პრორუსულს“, „რუსული ინტერესების მხარეს მდგომს“ და ა.შ. ამავე დროს, იგნორირებულია ხელისუფლების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად.

მესამე საკითხი ეხება სამართლიანობისა და პასუხის უფლების უგულებელყოფას. BBC-მ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება თავად BBC-ის სარედაქციო წესებს, რომლებიც მძიმე და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ბრალდებების შემთხვევაში ითხოვს რეალურ კომუნიკაციას ადეკვატური ვადის დაცვით.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ცილისწამების ელემენტები. პროგრამაში გამოყენებულია კონკრეტული პირების განცხადებები, რომელთა სანდოობა, ინტერესთა კონფლიქტი და წარსული არ არის გამჟღავნებული აუდიტორიისთვის. შედეგად, მაყურებელი იღებს დამახინჯებულ სურათს, სადაც ვარაუდები და ჰიპოთეზები წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ფაქტები.

საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.

ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს:
1. ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
2. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა, 
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია
• ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში

აქვე განვმარტავ, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ. 

თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. 

საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

25.06.2026.09:54

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. 

საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო, ბიუროკრატიის ხარისხით გლობალურ რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-17 პოზიციაზე მოხვდა. 

ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ბრიტანული ორგანიზაცია „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ და ამერიკული ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ თემატური კვლევებს.

კერძოდ, „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ ანგარიშის ნაწილში, გამოკითხვის მიზანი იყო, შეეფასებინა ბიუროკრატიის ხარისხი და უნარი განახორციელოს სახელმწოფო პოლიტიკა. რაც შეეხება ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ ანგარიშს, გამოკითხვა უკავშირდება იმის გარკვევას, თუ რამდენად აქვს ბიუროკრატიას მართვისათვის ძალა და გამოცდილება პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების და სახელმწიფო სერვისების შეფერხების გარეშე.

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა