ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის, ორივე ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან, სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი, სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად - GFTN-ის რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი პატ პატელი
სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტებზე და შუა დერეფნის რეგიონში GFTN-ისაღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მთავარი განსახილველი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იყო.
როგორც GFTN-ის რეგიონულმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მნიშვნელოვანია შუა დერეფანზე ყურადღების გამახვილება, რადგან ბევრი მსგავსებაა საქართველოსა და სინგაპურს შორის.
„რამდენიმე წლის წინ დავამყარეთ პარტნიორობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით განგვეხორციელებინა „თბილისის ფინანსური სამიტი“. ყოველივე ამის მიზანია, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს დიდი ინოვაციების და ნიჭის ამბავი, რასაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენი მიზანია შუა დერეფანზე ყურადღების გამახვილება, რადგან ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის. ესენია: მოსახლეობის მცირე რიცხოვნობა, თუმცა დიდი მიზნები. ეს ორი ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან და სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი. სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში. სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში. ჩვენი პროგრამით შემდეგი ღონისძიება ოქტომბერში გაიმართება და ყველას ვიწვევთ რეგიონიდან და საქართველოდან „თბილისის ფინანსურ სამიტზე“, - განაცხადა პატ პატელმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია - ლევან ჟორჟოლიანი
22.07.2026.16:57
პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სინგაპურში განაცხადა.
მისივე თქმით, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით.
„მნიშვნელოვანია პარტნიორობა, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სინგაპურში განვითარებულია ფინანსური ინსტიტუტები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის საკმაოდ მარტივი.
ქვეყანა, სადაც გადასახადები საკმაოდ დაბალი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. ამ ყველაფერს ემატება ის სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.