ბიძინა ივანიშვილი: არჩევანი მარტივი გასაკეთებელია - დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება
12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.
ივანიშვილის თქმით, ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულმოუთქმელად ელიან ნებისმიერ შესაძლებლობას, იქნებ როგორმე ძალაუფლება დაიბრუნონ რაც, საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს, კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს.
„როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას - როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია. სამწუხაროდ, ისევ მიწევს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო. ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება, ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაქსაქსვით საზრდოობენ, ასეთ დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევანი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა - დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება.
„წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კონკრეტულ გლობალურ ძალებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მათი აგენტურას ვა-ბანკზე წასვლა აიძულა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების დაბრუნება ყველანაირი გზებით სცადეს, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს, შედეგად კი ის მიიღეს, რომ ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნეს და ქართველი ხალხის წინაშე, რეალური სახით გამოჩნდნენ. უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე, ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია - დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.