ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტის დასმულ კითხავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.