ბრიუსელში ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით - პრემიერი
ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ვიცე -პრემიერ ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქალბატონ თეა ახვლედიანს.
„ბრიუსელში გამართული ვიზიტი, ვფიქრობ შეასრულებს ძალზედ მნიშვნელოვან დადებით როლს ევროკავშირთან და ნატოსთან ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში, ბატონ ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების საკითხებში, ბატონ იანეზ ლენარჩიჩთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან, ბატონ იენს სტოლტენბერგთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭო და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ბატონმა ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ძალზე საქმიანად და პოზიტიურად წარიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ პრაქტიკული სიკეთეებით, რომლებითაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპელი პარტნიორების მკაფიო დაპირებას, საქართველოს ერთიან ევროპულ ანგარიშსწორების სისტემაში ინტეგრირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. ქართული დელეგაციის სახელით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ვიცე -პრემიერ ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქალბატონ თეა ახვლედიანს.
ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც ვთქვი ბრიუსელში-2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.