ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რასაც მთას საქართველო განასახიერებს: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და ამავდროულად, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის - საფრანგეთის ელჩი საქართველოში
ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს მთის მიმართულებით და ბუნებრივი რესურსების განვითარების გამორჩეული გზა აქვს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოლივიე კურტომ განაცხადა.
ოლივიე კურტოს განცხადებით, მისთვის ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს.
,,ჩემთვის დიდი პატივია ჩვენი ორი სამთო სააგენტოს მასპინძლობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავადაც მთიანი რეგიონიდან ვარ და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და, ამავდროულად, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის. ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს მთის მიმართულებით და ბუნებრივი რესურსების განვითარების გამორჩეული გზა აქვს. ამ პროცესში ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც ბუნებრივი რესურსების მართვაზე, ისე საქართველოს სასოფლო ტერიტორიების მართვასა და განვითარებაზე. ჩვენ კი გვინდა, ამ ისტორიის ნაწილი ვიყოთ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტომ“ (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის“ გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
22.10.2026.12:56
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი შეეხო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა, რომ რეგულარული დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.