ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ეწვევა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯერ თურქეთში ჩავა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 31-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ საქართველოში განახორციელებს ვიზიტს.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, მოწვევის საფუძველზე, 6-დან 12 ნოემბრამდე თურქეთს ეწვევა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 31-ე შეხვედრის ფარგლებში ანტალიის ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ეწვევა საქართველოს“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
04.11.2026.15:52
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.
საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
შეხვედრას დაესწრო საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი.