ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ საქართველოში განხორციელებულ ყველა კონცენტრაციას, რომლის შესახებ ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრიდან კვარტალურად ვიღებთ - ირაკლი ლექვინაძე
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში ოთხი მოკვლევა ჩატარდა. ორი მოკვლევისას მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება გამოვლინდა, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ჭარბი ფასის დაწესება ფარმაცევტულ ბაზარსა და რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევებში გამოვლინდა. შესაბამისად, დამრღვევი კომპანიების მიმართ ფულადი ჯარიმები დაწესდა.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამსახური სხვადასხვა სფეროს მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. ეს შეეხება ბაზრობების, საწვავის, სწრაფი მოხმარების პროდუქციის, აგროსასუქების, თამბაქოს, ასევე სამედიცინო სერვისების სფეროებს. მისი თქმით, სააგენტო პერიოდულად შუალედურ ანგარიშებს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ბაზრებზე კონკურენციის ხარისხი და არსებული ტენდენციები.
„2025 წელს სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და 24 ათასამდე რეგისტრირებული ბიზნესის გაერთიანება გადაამოწმა. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ საქართველოში განხორციელებულ ყველა კონცენტრაციას, რომლის შესახებ ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრიდან კვარტალურად ვიღებთ. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტები ჯარიმდებიან. 2025 წელს 18 შემთხვევიდან 9-ში დარღვევა იყო. შედეგად, შესაბამისი სანქციები იქნა გამოყენებული“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების მიმართულებით, 2025 წელს განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა, რაც მომხმარებელთა ცნობიერების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. ყოველწლიურად, საშუალოდ, მოქალაქეები კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ჩართულობით, დაახლოებით 1 მილიონ ლარს იბრუნებენ.
ირაკლი ლექვინაძემ ანგარიშის წარდგენისას ანტიდემპინგურ მიმართულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სააგენტომ 2025 წელს ერთი საქმისწარმოება დაასრულა, რომელიც რუსეთიდან და ირანიდან არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს შეეხებოდა. ჩატარებული კვლევის შედეგად დემპინგური ფასების სხვაობა გამოვლინდა, თუმცა სააგენტოს მიერ ტარიფის შემოღებაზე რეკომენდაცია არ გაიცა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის იანვრიდან უკვე ამოქმედებული იყო დამცავი ტარიფი არმატურის იმპორტზე, რამაც უზრუნველყო სამართლიანი ფასების ფორმირება და ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის ეფექტიანი მექანიზმი.
კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“ გაეცნენ. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კახეთში ბადიაური-ბაკურციხის 31-კილომეტრიანი და გურჯაანი-თელავის 36.6-კილომეტრიანი გზების მშენებლობის დაფინანსების მიზნით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი 25 წლის ვადით საქართველოსთვის სესხს, 158 მილიონ ევროს გამოყოფს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა სასესხო ხელშეკრულების სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.