ჩვენ, როგორც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ მისი სახელი - ბექა ოდიშარია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ღვაწლზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ამ დიდი განსაცდელის დროს ერთ მუშტად შეიკრა.
„მადლობას ვუხდი ასე ერთ მუშტად შეკრულ ჩვენს მრავალმილიონიან საზოგადოებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი უძველესი ერი არც მოკვდება და თანამედროვე შინა თუ გარე გამცემთა ჯინაზე არც გატყდება. მართალია, არავის ეკუთვნის ეს დიდი მოვლენა, არც გლოვა და არც ამ გლოვაში გადიდკაცება, არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და არცერთი პარტიის მონაპოვარი არ არის. განსაკუთრებით კი თქვენ, ლელოს წარმომადგენლებს, ვინც ასეთ დღეებშიც არ თაკილობთ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიების წამოყენებას. პატრიარქის გარდაცვალება საზოგადოების თითოეული წევრის ტრაგედიაა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პატრიარქი გვყავდა. მეც მყავდა ჩემი პატრიარქი. უფლის წყალობით, მომეცა საშუალება, რომ ის ახლოს გამეცნო. ჩვენმა პატრიარქმა გადო ხიდი ზეციურ და მიწიერ მარადისობას შორის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს შესთავაზა ერთობლივად დაგეგმონ და იფიქრონ ფორმაზე, თუ როგორი მემორიალური ნიშნით უკვდავყონ პატრიარქის სახელი დედაქალაქში.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო სრულიად საქართველოსი, მას ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებაც, მაგრამ ის იყო მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. ჩვენ, როგორც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, როგორც უკვდავვყოთ მისი სახელი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
11.11.2026.13:13
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება.
11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.
12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.