ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„თუ დავუშვით ის, რომ შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი გემოვნებით ან რაღაც კეთილშობილი მიზნებით თქვას, კონსტიტუცია კონსტიტუციაა, მაგრამ თუ პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური ჩათვლის, რომ არის უფრო სხვა მიზნები, რომელიც მას პირადად მიაჩნია უზენაესად, მას შეუძლია, კანონი დაარღვიოს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან, ევროპასთან და სხვათა შორის, არც ქართულ სამართლებრივ ტრადიციასთან.
გასაგებია, რომ უცხოეთიდან შეიძლება, სხვადასხვა მოწოდება იყოს. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ისიც თქვა, არ მაქვს მე წაკითხული კონსტიტუცია, მაგრამო. შეიძლება, ჩვენი კონსტიტუცია ვიღაცისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუკი ვინმესთვის არ ნიშნავს, სწორედ იმიტომ არ ნიშნავს, რომ ხედავენ ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის შიგნით. ხედავენ, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემენ პოლიტიკის გარკვეული წრეები და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. ეს კონსტიტუცია ჩვენია და ჩვენი დასაცავი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.