ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები - ირაკლი ჩიქოვანი
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. „გაგრძელდება თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურება - რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება და დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაგრძელდება ბინათმშენებლობის თანადაფინანსება და სოციალური პროექტები, განვითარდება სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობები.
ხელფასები ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის 2024 წელს გაიზარდა 10%-ით. 2023 წელს დასრულდა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი მახათას მთაზე, სადაც 1092 ბინა გადაეცა სამხედრო მოსამსახურეებს.
პროექტი თანამონაწილეობის პრინციპით განხორციელდა და ახალი კოდექსით ეს პროექტი განგრძობითი ხასიათის გახდა. სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის განათლების მიღების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სწავლა უკვე 5700-მდე სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრს დაუფინანსდა.
მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი, სტიპენდია 790 ბენეფიციარზე გაიცა. ცხადია, სახელმწიფო გააგრძელებს მათ დაფასებას, მათთვის საუკეთესო სამუშაო, საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლებისა და ჯანდაცვის პირობების შექმნას. ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.