გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე, თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ - თურქმენეთის პრეზიდენტი
ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად უნდა ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, - ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესმა შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებაში ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვისა და ტერმინალების განვითარების მიმართულებით.
"მივმართავ ბიზნესსაზოგადოებას, რომ არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო გავზარდოთ. ბიზნესმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმართულებით. ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდეს. ბიზნესსაზოგადოების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ისარგებლებს ორივე ქვეყანა. ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ ფუნდამენტს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესებს შორის პარტნიორობა უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებითაც განვითარდება.
მჯერა, რომ თურქმენი და ქართველი მეწარმეების პარტნიორობა სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის. ეს გამოიხატება პროექტებში, გეგმებში, ინიციატივებში, რომელიც ჩვენი ქვეყნების მშენებლობის, აგრარული და სხვა სექტორების განვითარებას მოხმარდება.
თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარების გამოცდილების გაზიარებით. გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე. თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ,"- აღნიშნა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა
01.10.2026.14:40
დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
დონაციის აქცია შ.პ.ს. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 80-მდე კლინიკას ამარაგებს.
სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მრავალი წელია მუდმივად მონაწილეობენ და სხვადასხვა სისხლის ბანკთან თანამშრომლობით ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.