ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას - მამუკა მდინარაძე
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში თანამშრომლობა და განსაკუთრებით ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი თანამშრომლობა, რაც გაგრძელდება.
„ვფიქრობთ, ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა შუა აზიის ქვეყნებთან სწორედ ამას ემსახურება და ემსახურება ყველა მხრივ, და შემთხვევით არ ვამბობ ამას, საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
10.08.2026.13:08
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.