ჩვენი ერთობლივი პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაში - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
"სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და ჩვენი ბიზნესწრეების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე" - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიების შემდეგ განაცხადა, რომელიც სამი ქვეყნის 350-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით წინანდალში გაიმართა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა გახსნეს.
„ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი ვართ არამხოლოდ გეოგრაფიით, არამედ საუკუნოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით, მეგობრობითა და ნდობით. შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ასობით აზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში - ტურიზმში, უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში. ვფიქრობ, ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად განახორციელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დღეს ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ერების ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც ფართო რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაში" - აღნიშნა ჯაბაროვმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის აქტიური ზრდის დინამიკას და ეკონომიკური სექტორების განვითარებას.
„ძალიან გვიხარია საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს იმ შედეგებს, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს" - განაცხადა მიქაელ ჯაბაროვმა. მისივე შეფასებით, საქართველოს მომავალი მიმართულია ეკონომიკური კეთილდღეობის, მშვიდობიანი განვითარების, რეგიონული ვაჭრობისა და პარტნიორობის გაფართოებისკენ.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
18.11.2026.15:07
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებაში.
საუბარი შეეხო სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც, 2026 წლის 9 თვის მონაცემებით, 14%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ.