ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება - პრემიერი
ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და საქართველოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება.
"15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად", - წერს ღარიბაშვილი.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.