ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო - ჯუანშერ ბურჭულაძე
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერებას,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების სამოქმედო გეგმა 2030-ში განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად არაერთი უმნიშვნელოვანესი შესყიდვა განხორციელდა, რითაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობას. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ძველი საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი კეთდება ნატოს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე.
„როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, 2022 წელს დასრულდა რაფაელის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოდერნიზება და გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე, ხოლო ნატოს წევრ ქვეყანასთან ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე. „ნატოს წევრ და ასევე პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე ხელით გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემების შესყიდვაზე,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.