მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება - შოთა ბერეკაშვილი
ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ, თუ რა იწვევს ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, სწორი მიდგომებით ფასების შემცირება შესაძლებელია.
„ჩვენი მიზანი არის, რომ ამ პროცესში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, იქნება ეს დილერები, დისტრიბუტორები, მწარმოებლები თუ იმპორტიორები. შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ, თუ რა იწვევს ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება, რომ ბიზნესთან ერთად შევძლოთ ოპტიმიზაცია პროცესების, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საკვებ პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ეს არის აღნიშნული კომისიის მიზანი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ბიზნესთან ერთად და ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ რა პროცესები არის ამისთვის საჭირო, როგორ შევძლოთ ოპტიმიზაცია, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და ეს აისახოს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს ფასების კლებაზე მომუშავე საპარლამენტო კომისიაც. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კომისიას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.