ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა l ირაკლი კობახიძე
ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ინიციატივა მოდიოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას მიმართა ბიზნესმა და ხელისუფლებამ მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო.
„ერთადერთი მოტივი, რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ხედვა. ყველაფერი გაკეთდა „ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში. ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ისტერიული კამპანია იყო ზოგადად, იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი. რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას" - რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0,001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. რუსეთისთვის არარელევანტურია საწვავის ის მოცულობა, რომელიც შევიდა ჩვენს რეგიონში, აფხაზეთში. თვითონვე მიხვდნენ ამას და შემდეგ გვარამია, რომელიც შეიძლება ბარამიძეზე ცოტა უფრო ჭკვიანია, გამოვიდა და თქვა, რომ რუსეთს კი არ ვამარაგებდითო - მიხვდა, რომ სისულელე იყო ეს, არამედ ბაზა მარაგდებოდა აქედანო. თუმცა გვარამიაც ისეთივე სულელი აღმოჩნდა, როგორც ბარამიძე, იმიტომ რომ გვარამიასაც ჰგონია, რომ ბორბლებზე დგას ბაზა და აქეთ-იქით გადაადგილდება ბენზინით. აბსურდში არიან შესული. როდესაც ხედავენ, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ისტერიკა. როდესაც ადამიანებს საწვავზე არ აქვთ წვდომა და ბენზინგასამართი სადგურები არის ცარიელი, ამას აქვს პირდაპირი უარყოფითი ჰუმანიტარული ეფექტი მოსახლეობაზე. აქაც კი მოახერხეს სპეკულირება. ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში, ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენენ და გვერდში გვიდგანან, რათა ერთად ვიზრუნოთ თბილისზე - კახა კალაძე
18.08.2026.14:05
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სხვადასხვა ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველა უწყება ჩართული იყო პროცესში და მერიაში შესული არცერთი შეტყობინება უყურადღებოდ არ დარჩენილა.
„დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები, კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და კერძო სახლები. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ყველგან, სადაც პრობლემა დაფიქსირდა, მობილიზებული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვის ჯგუფის“, რაიონული გამგეობების თანამშრომლები და არცერთი შემოსული შეტყობინება ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია. შესაბამისი ღონისძიებები დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები. მათ შორის, გუშინ ლეღვთახევში ვიმყოფებოდით, სადაც უხვმა ნალექმა შემქნა პრობლემები. ამჟამად, ტერიტორია სუფთავდება და რამდენიმე დღეში მთლიანად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უხვი ნალექის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში იყო ჩართული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნციპალიტეტის ყველა უწყების თანამშრომლებს, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში იყვნენ ჩართული და დღესაც ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ოპერატიულობისა და გაწეული მნივნელოვანი სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა განსაკუთრებით აღნიშნა, მსგავსი სტიქიის დროს მოქალაქეების ჩართულობა.
„აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ასეთ შემთხვევებში მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენს და გვერდში გვიდგას. ძალიან სასიამოვნოა მსგავსი დამოკიდებულება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ დედაქალაქზე. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი თბილისი, სადაც, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა იარსებებს. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვართ ხაზზე, თქვენს სამსახურში, ღია ვართ კომუნიკაციისთვის და არ დავტოვებთ არცერთ თქვენს პრობლემას უყურადღებოდ. მიმდინარეობს ზარალის აღწერა და ვისაც ჩვენი გვერდში დგომა დასჭირდება, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დედაქალაქში აღდგენისა და გაწმენდის სამუშაოები კვლავაც გრძელდება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ზოგადად, დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი როცა მოდის, ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე უფრო ძლიერი და განვითარებული ქალაქებისთვის. ასეთ ქალაქებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა უფრო გამართულია, თუმცა იქაც კი არის ხოლმე ასეთ დროს პრობლემები. შემთხვევითი არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მივიღეთ - ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.