ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რაც ევროპაშია - კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ“, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებდა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებისთვის კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისადმი იყოს ისეთივე დამოკიდებულება, რაც ევროპულ ქვეყნებშია.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიდიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, არ არსებობს შანსი, რომ ბინადრობის მოწმობის გარეშე ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მუშაობის დაწყება შეძლონ.
რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი. ვფიქრობ, ის წუხილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, აღნიშნული განკარგულებით დარეგულირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით | ირაკლი კობახიძე
07.10.2026.13:43
მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.
„შევეხები საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ამ კუთხით ცალკე გამოვყოფ აზერბაიჯანთან გაფორმებულ საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის გაზმომარაგებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის კუთხით, ისე დაბალი ფასის კუთხით. ძალიან ეფექტურად წარიმართა მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და მთლიანად გუნდს და ქალბატონ მინისტრს ამისათვის მადლობა გადავუხადო. ამას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს მეგობრული დამოკიდებულებისთვის, რისი შედეგიც იყო საინტერესო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის, გაფორმდა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს მიიღებს, დაიტოვებს სახელმწიფო. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ერთობლივი ოპერირების შესახებ ძალიან კარგი პირობებით, ესეც იყო ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.
სომხეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა. იგივე შეეხება თურქეთს", - განაცხადა პრემიერმა.