დაგვჭირდება განმარტებების მიღება რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი - ირაკლი კობახიძე
რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება? - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე სუსის მიერ გასაჯაროებულ კადრებს. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საჭირო იქნება აშშ-სგან განმარტებების მიღება.
„ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა გაირკვა, რომ მათ მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენს ქვეყანაში, რაც შემაშფოთებელია. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რაც გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID-ი, რაც ნიშნავს „ამერიკის დახმარება“. მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით - რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, მერე იყო ფრანკლინის კლუბი, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობა. ახლა ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე.
სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგის სათაურია „არაძალადობრივი აქტივობა“, თუმცა, სინამდვილეში, ვნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის - არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა შენარჩუნებული აქვს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ დეტალებს ასაჯაროებს. სუსის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ოქტომბერ - დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.