დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში” ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტი კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა წარუდგინა.
პროექტის თანახმად, ქონების სააგენტო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფის მიზნით, აქციონერის (პარტნიორის) უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ქონების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობას; სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან სხვა სამართლებრივი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების დანიშვნას და ასევე, შესაბამისი საწარმოების მიერ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელების მაქსიმალურ ხელშეწყობას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.