დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა - კონსტანტინე ზარნაძე
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვეყანა დაისვენებს“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„თუკი ჩვენი ოპონენტები დაინტერესდებიან, თუ რატომ არიან წარმოდგენილი დედაქალაქის საკრებულოში ამ რაოდენობით პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, ვუპასუხებ, რომ ჩვენსა და მათ შორის იმხელა განსხვავებაა მორალურად, რამხელაც ადამიანობასა და არაადამიანობას შორის.
აქამდე მათ უსამშობლოებს, უღმერთოებს ვეძახდით, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ლეშიჭამია სვავებიც არიან, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ. მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება ადამიანი და მისი ოჯახი არ დაინდონ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიონ ისინი სოციალურ ქსელში, როგორი სიტყვებითაც იხსენიებდნენ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
კონსტანტინე ზარნაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სწორედ ე.წ. სინდისის პატიმრებიდან მოდიოდა ეს შემზარავი ფაქტი და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა:
„ჩვენი გუნდის სახელით მივმართავ პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, გთხოვთ, ის საქმე, რომელიც დაიწყეთ პოლიტიკურად მათი განადგურების ნაწილში, მიიყვანოთ ბოლომდე. იცოდეთ, გვერდით გიდგავართ და ჩვენ უკან ძალიან ბევრი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ბევრად კარგ სახელმწიფოში მათ გარეშე, ჩვენი ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი კი სულ მალე გაორმაგებული და გასამმაგებული იქნება“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.