დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება - ილია დარჩიაშვილი
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია.საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, 2024 წლის 27 ივნისს გაიმართა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა გამორჩეულ ხასიათს ატარებს და ეტაპობრივად ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისათვის.
მინისტრებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა:
„არაერთხელ დაგვიმტკიცებია, და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით. „ - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იქნა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე აღნიშნულ პროექტში. ასევე აღინიშნა საქართველოს ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა ჩვენი რეგიონის დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ ფუნქციის გაზრდის საქმეში.
„ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას.„ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე ასევე გამოიხატა მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით.
2024 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.