დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილის შეფასება
პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სპეციალურ ბრიგონგზე შეაფასა.
„დასკვნა არის ტენდენციური... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადაო გარემოებებთან მიმართებით.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დასკვნა არის ტენდენციური, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში, მხოლოდ უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, მთლიანად ყველასაკითხში მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში.
საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, თუ რა შეიძლება გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიღმა და ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში.
საკონსტიტუციო სასამართლოდან მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმის შედეგად, რაც შემოგვთავაზა - მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. მოაქცია მთლიანად მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ - რაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ სასამართლო საუბრობდეს იმ ენით, იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. ძალიან რთულია ჩემთვის ამის თქმა, რომ ფაქტია, რომ სასამართლოს შეეძლო მეტი სინათლე შეეტანა საქმეში,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
იგივე თემაზე:
რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში - პრეზიდენტის იმპიჩმენტი
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.