დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი - ირაკლი კობახიძე
დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი - ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 %-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის.
„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართოდ გავაცანით ინფორმაცია. მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ საათს, როდესაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტში მოხმარება შეადგენს ერთნიშნა მაჩვენებელს, ანუ დაახლოებით ათმაგი და თორმეტმაგი იყო მოხმარება მუნიციპალიტეტში, იყო მაინინგის კონკრეტული პრობლემა.
უკვე გატარდა წინასწარი ღონისძიებები, რამაც მოგვცა ხელშესახები შედეგი. ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 პროცენტით, წინასწარი ზომების გატარების შედეგად. როდესაც დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი, რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
21.10.2026.16:08
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპული სექციის გენერალური დირექტორის მოადგილესა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ ჰანა მოტლოვასთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორ პეტრ კროუჟეკთან.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები იყო.
ლევან მახაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს პოზიცია გააცნო ევროკავშირთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ურთიერთობის შემდგომი განვითარების ხედვაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. მასპინძელ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არსებული პოლიტიკური გამოწვევების აღმოსაფხვრელად ევროკავშირთან კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის აუცილებლობას.
ჩეხეთის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის მიზეზები, მიმდინარეობა და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზეზებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.